ლალისფერი, მშრალი ღვინო “ასურეთული”

ღვინო “ასურეთული” წარმოადგენს ქვემო ქართლის სოფ. ასურეთში მოწეული ყურძნისაგან “ასურეთული შავი” დაყენებულ, ევროპული ტიპის ღვინოს. ეს არის უნიკალური ჯიშის ყურძენი, რომელიც საქართველოს მხოლოდ ერთ პატარა სოფელში ხარობს და შესაბამისად მისგან დაყენებული ღვინო ასევე უნიკალურია თავისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით და ქართულ ღვინოებს შორის ანალოგი არ აქვს.

XVIII - XIX სს. ქვემო ქართლის სოფ. ელიზაბეტთალი (დღევანდელი ასურეთი) დასახლებული იყო გერმანელი კოლონიზატორებით. XIX - ის შუა პერიოდში გერმანელმა მეტყევემ - მარიუს შალემ - თრიალეთის მთების ტყეებში იპოვნა გაველურებული ყურძენი, რომელიც მოაშენა, გააცოცხლა, გააკულტურულა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშ ყურძნის ეს ჯიში იწოდებოდა “შალე”-დ. შემდგომმა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადგინა, რომ “შალე” სხვა არაფერია ,თუ არა მივიწყებული, ძირძველი ქართული კულტურა “ასურეთული შავი”.

ღვინო ხასიათდება სიმსუბუქით, უნიკალური ჯიშური არომატით - ხილის, კენკრის ტონებით და ხალასი მჟავიანობით, რომელიც დიდხანს ტოვებს გამორჩეულ გემოს. არის ღია ლალისფერი.

ყურძნის დაჭყლეტა ხდება კლერტსაცლელი დანადგარით და ტკბილის მაცერაცია მიმდინარეობს 48 სთ (ანუ ჭაჭაზე ნამყოფია 48 სთ) უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში.

ვენახების სიმცირის გამო ჩვენ ამ ღვინოს ვაწარმოებთ შეზღუდული რაოდენობით (წელიწადში 200-250 ბოთლი).

ღვინო “ასურეთულის” ალკოჰოლური სიმაგრე 12%.

ღვინის მარკეტინგში გამოყენებული გვაქვს ნოვატორული მიდგომა - თითოეული ბოთლი გაფორმებულია ხელნაკეთი ეტიკეტით საერთო კონცეფციით “ღვინო & ხელოვნება”, სადაც გამოყენებულია ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მხატვრების ფერწერული ნახატების პრინტები ინდივიდუალურად თითოეული ბოთლისთვის - პიკასო, ვან გოგი, დალი, სეზანი, მატისი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, ვარაზი და ა.შ.. გარდა ამისა თითოეული ბოთლი დანომრილია გამჭოლი ნუმერაციით.

ამაშია ჩვენი ღვინის და ჩვენი მარკეტინგული მიდგომის უპირატესობა, რადგან მყიდველს უჩნდება დამატებითი ინტერესი ღვინის შესაძენად - იგი ხდება არა მარტო უნიკალური ღვინის, არამედ უნიკალური ბოთლის მფლობელიც, რომლის დიზაინიც არ მეორდება.

ღვინო რეალიზაციისთვის მიეწოდება სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებს და ბარებს. ასევე რეალზაცია ხდება სხვადასხვა ღვინის ფესტივალებზე და გამოფენებზე და ადგილზე ჩვენს მარანში.